2 months ago
273
პირველი „დედა ენა“ დაიბეჭდა 1876 წელს, მელიქიშვილის სტამბაში. იმ დროისთვის სასტამბო მეურნეობა შრიფტების მრავალფეროვნებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნებულმა ახალგაზრდობამ ძალიან კარგად იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სასტამბო საქმის გამართვა. თბილისის სტამბებში მხოლოდ პეტერბურგის აკადემიის მოძველებული და გაცვეთილი ქართული შრიფტები მოიპოვებოდა. 1863 წელს შეიკრიბა რამოდენიმე ახალგაზრდა და დააარსეს სტამბა. ესენი იყვნენ: სტეფანე მელიქიშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, ვახტანგ თულაშვილი და ნიკოლოზ ღოღობერიძე.
კონკურსის დახმარებით შეირჩა მიხეილ ყიფიანის შრიფტის ესკიზი. 1864წ. სტეფანე მელიქიშვილი გაემგზავრა ვენაში შრიფტის ასოების შესაკვეთად. დამზადდა ახალი მხედრული შრიფტი „ვენური“ (შემდგომში „ჩვეულებრივი გარნიტური“ ეწოდა), რომელიც ახალ ფურცელს წარმოადგენდა ქართულ ტიპოგრაფიაში: ეს იყო პირდაპირი მოხაზულობის, მარტივად საკითხავი შრიფტი, რომელმაც ქართული შრიფტი პირველად გაათავისუფლა ხელნაწერის გავლენისგან.
გოგებაშვილს შრიფტების დიდი არჩევანი არ ჰქონია, როცა „დედა ენის“ პირველ გამოცემაზე მუშაობდა. ის „ვენური“ შრიფტის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, „კარგ, მრგვალ და გარკვეულ შრიფტად“ მიაჩნდა. თავის სახელმძღვანელოშიც პირველად სწორედ „ვენური“ გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ამ შრიფტს ახლდა მთავრული ასოებიც. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მხედრულის მთავრული ხმარებაში შემოვიდა. „დედა ენაში“ ორი ფუნქციით გამოიყენებოდა:
დღეს მთავრულს მხოლოდ პირველი ფუნქციით ვიყენებთ, ლათინურის იმიტაციამ ქართულ ენაში ფეხი ვერ მოიკიდა.
მიუხედავად იმისა, რომ სასტამბო შრიფტებიდან გოგებაშვილს ყველაზე მეტად „ვენური“ მოსწონდა, „დედა ენის“ პირველმა გამოცემამ მაინც დაიმსახურა კრიტიკა შრიფტის მცირე ზომის გამო, რაზეც იაკობმა გაზეთ „ივერიაში“ (1881წ. № 6, გვ. 163-4) გამოაქვეყნა პასუხი:
„ანბანი, მართალია, უფრო მომსხო ასოებით უნდა იყოს დაბეჭდილი, მაგრამ ეს ნაკლოვანება ჩვენი ბრალი კი არ არის, შრიფტების სიღარიბეზეა დამოკიდებული. ხეირიანი მსხვილი შრიფტი სრულიად არ მოიპოვება ჩვენებურს სტამბებში.“
„აკადემიურ“ შრიფტზე კი, რომლისგანაც შემდგომში დამზადდა „დედაენის გარნიტური“, წერდა:
„აკადემიის ასოებში იპოება მომსხო მეთექვსმეტე ნომრის შრიფტი, მაგრამ ესეც მეტად უშნო და ტლანქია, და გარდა ამისა არ უდგება სრულიად მელიქიშვილის ჩვეულებრივს შრიფტსა, რომელიც უფრო კარგს, მრგვალ და გარკვეულ შრიფტად მიგვაჩნია.”
როგორც ვხედავთ, გოგებაშვილს შრიფტების სიმცირის გამო სხვა გზა არ ჰქონდა, იძულებული იყო თავისივე დაწუნებული „აკადემიური“ აერჩია.
„აკადემიური“ პარიზში დამზადებული შრიფტი იყო პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიისთვის, რომელსაც თბილისის სტამბებში „ვენურის“ დამზადებამდე აქტიურად იყენებდნენ.
გოგებაშვილმა „აკადემიურის“ კეგლი 16 გაადიდებინა და ჩამოასხმევინა კეგ.24. ამ ორი ზომის შრიფტს დაერქვა „გოგებაშვილი“.
შემდგომში ამ შრიფტის ზომები გამრავლდა, დამზადდა კეგლი 10, 12, 16, 20, 24. ამას კი 1953-56 წლებში დაემატა მთავრულები, პირდაპირი და გადახრილი (კარტოგრაფი ევსევი ბარამიძის დიზაინი), ეს ყველა სახეობა მოაქციეს ერთ დიდ ჯგუფში, რომელსაც „დედაენის გარნიტური“ დაერქვა.
დავით კოხოძის შექმნილი შრიფტი. „დედაენის გარნიტურის“ ციფრულად აღდგენილი ვარიანტი. აქვს ლათინური კოდირება (ლათინური კლავიატურის არჩევით იკრიფება ქართული ასოები).
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: Geo Dedaena
შრიფტის ავტორია ბესარიონ გუგუშვილი, დამზადებულია BPG Infotech – ის ფარგლებში.
შრიფტი სასკოლო „დედაენაში“ გამოყენებული კალიგრაფიული შრიფტის რეპლიკაა. 3 ვარიანტითაა წარმოდგენილი: BPG DedaEna Block, BPG DedaEna Nonblock, BPG DedaEna
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: BPG DedaEna Block ; BPG DedaEna Nonblock ; BPG DedaEna .
„ვენური“ ანუ „ჩვეულებრივი გარნიტურის“ შრიფტების რამოდენიმე რეპლიკა გვაქვს:
ფონტი შექმნილია GeoLab-ის „შრიფტის დიზაინის საფუძვლებისა და ფონტ-ინჟინერიის“ კურსის ფარგლებში.
ავტორი: ზაზა ჩუგოშვილი
მენტორი: აკაკი რაზმაძე
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: GL Venuri
შრიფტის ავტორია ბესარიონ გუგუშვილი, დამზადებულია BPG Infotech – ის ფარგლებში.
შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: BPG Venuri
სტატიის ავტორი: მარიამ ჩაჩანიძე
მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე
რა სახეობის შრიფტები არსებობს? გაეცანით შრიფტების ძირითად ჯგუფებს და ქართულ მაგალითებს
This year, Typeface.ge visited the digital design festival of Touch Platform. Learn more about the Keynote presentation and a font collaboratively created during the Workshop session