1 თვის წინ
220
კითხვისას ჩვენ აღვიქვამთ არა მხოლოდ ტექსტის შინაარსს, ასევე მის ვიზუალურ სახესაც. სწორი შრიფტის არჩევა არც ისე მარტივი საქმეა დიზაინერისთვის. დღეისთვის არსებობს უამრავი განსხვავებული ვიზუალის შრიფტი. იმისათვის, რომ მათი მოძებნა და გამოყენება გამარტივდეს, შრიფტებს აერთიანებენ ჯგუფებად ვიზუალური ელემენტების მსგავსების მიხედვით. შრიფტების დაჯგუფება პირობითია. სტატიაში გაეცნობით ჩვენს შემოთავაზებულ ვარიანტს.
ᲡᲔᲠᲘᲤᲘ
Serif - სახელწოდება ნიშნავს „შვერილს“. ამ კატეგორიაში ერთიანდება შრიფტები, რომლებსაც დაბოლოებებზე გააჩნია პატარა შვერილები. ახასიათებთ კონტრასტი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების სისქეს შორის. შრიფტების ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა. დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება ბეჭდურ პროდუქციაში.
Serif ჯგუფში გამოყოფენ რამოდენიმე ქვესახეობას:
ᲫᲕᲔᲚᲘ ᲡᲢᲘᲚᲘᲡ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Old Style Serif
ძველი სტილის შრიფტების ფორმა შემუშავებულია ხელნაწერებზე დაყრდნობით. ახასიათებთ ღერძის გადახრა და კონტრასტი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელნაწერში ბრტყელწვერიანი კალმის გამოყენებისას იქმნებოდა ასოების ასეთი მოყვანილობა (იხ. სურათი). ასოების ღერძი მარცხნივაა გადახრილი, კონტრასტი საშუალოდაა გამოხატული, სერიფები ორგანულად უკავშირდება ძირითად ხაზებს.
მაგალითები: Jenson, Caslon, Garamond.
ᲒᲐᲠᲓᲐᲛᲐᲕᲐᲚᲘ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Transitional Serif
გარდამავალი სერიფის შრიფტების ფორმა შემუშავდა მე-18 საუკუნეში. წარმოადგენს შუალედურ ფორმას ძველ და თანამედროვე სერიფ შრიფტებს შორის და აქვს ორივე მათგანისთვის დამახასიათებებლი ფორმები.
კონტრასტი მეტადაა გამოხატული, ვიდრე ძველ სტილში. დახრილი ღერძი სწორდება და თითქმის ვერტიკალურ ფორმას იღებს. დეტალები მეტად გამოკვეთილია, სერიფები უფრო ბრტყელია.
მაგალითები: Baskerville, Times, Perpetua, Joanna.
ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Modern Serif
ამ სტილის ფუძემდებლები იყვნენ სასტამბო საქმის ცნობილი ოსტატები: დიდო (Firmin Didot) და ბოდონი (Giambattista Bodoni), რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით შრიფტისა და სასტამბო დიზაინის სფერო მაღალ დონეზე აიყვანეს.
ძველი შრიფტებისგან განსხვავებით, რომლებიც ბრტყალწვერიანი კალმის მონასმების საფუძველზე შექმნა, თანამედროვე შრიფტების დიზაინზე გავლენა მოახდინა წვრილწვერიანმა კალამმა, რამაც განაპირობა ჰორიზონტალური ხაზის გამოხატული სიწვრილე.
ამ სტილისთვის დამახასიათებელია შტრიხის სისქეებს შორის მკვეთრად გამოხატული კონტრასტი.
მაგალითები: Bodoni, Didot, Aero, Ambroise.
ᲡᲚᲐᲑ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Slab Serif
ამ სტილს ზოგჯერ მოიხსენიებენ Mechanical ან Egyptian სახელით, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა პლაკატების დიზაინში ყურადღების მისაქცევად. ამიტომ კარგად განასახიერებს მე-19 საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციის სულს, როცა აქტიურად დაიწყო დიდი ზომის სარეკლამო ბანერების და პლაკატების გამოყენება.
სლაბ სერიფ სტილისთვის დამახასიათებელია სქელი სწორხაზოვანი სერიფები. კონტრასტი სუსტადაა გამოხატული და ასოების შუატანის სიმაღლე საკმაოდ გაზრდილია. ასოების ფორმა კი ოთხკუთხედს უახლოვდება.
მაგალითები: Memphis, Rockwell, Clarendon, Sentinel.
ᲒᲚᲘᲤᲣᲠᲘ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Glyphic Serif
გლიფური შრიფტებს უფრო კვეთილი ფორმა ახასიათებთ. კონტრასტი, როგორც წესი, მინიმალურია, ღერძი - ვერტიკალური. დამახასიათებელი ნიშანია - სერიფების სამკუთხა ფორმა.
მაგალითები: Albertus, Cartier Book, Friz Quadrata.
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ
ქართულში Serif კატეგორიის შრიფტებს არ აქვთ ამ ჯგუფის კლასიკური დამახასიათებელი დეტალი - ნაჭდევი. მათი მთავარი ვიზუალური ელემენტია - გამოხატული კონტრასტი ძირითად (მსხვილ) და ბეწვისებრ (წვრილ) ხაზს შორის. ასევე, ქართულ სერიფებში ხშირია დეკორატიული ელემენტების არსებობა.
ერთ-ერთი პირველი ქართული სერიფ კატეგორიის შრიფტი იყო აკადემიური, რომლისგანაც შემდეგ დამზადდა „დედაენის გარნიტური“.
მაგალითები: Noto Serif Georgian, BPG 2017 DejaVu Serif, Sylfaen.
ᲡᲐᲜᲡ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ — Sans Serif
ამ ჯგუფის სახელწოდება “სანს სერიფი” პირდაპირი თარგმნით ნიშნავს - „სერიფის გარეშე“. ამ ტიპის შრიფტების შექმნა დაიწყო მე-19-20 საუკუნეებში და იყო მარტივი, ორნამენტებისგან თავისუფალი შრიფტები. დღეს, ტექსტური შრიფტების უმეტესობა სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან მარტივი საკითხავია და თვალს ნაკლებად ღლის კითხვისას.
აქაც რამოდენიმე ძირითად ქვესახეობას გამოყოფენ:
ᲒᲠᲝᲢᲔᲡᲙᲘ — Grotesque
პირველი Sans Serif შრიფტები ცნობილი იყო, როგორც გროტესკი („მახინჯი“), რადგან ისტორიულ ელეგანტურ სტილებთან შედარებით ძალიან გამარტივებული და სადა იყო.
ადრეულ Sans Serif ჯგუფის შრიფტებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კლასიკური შრიფტების ელემენტები.
მაგალითები: Franklin Gothic
ᲜᲔᲝ-ᲒᲠᲝᲢᲔᲡᲙᲘ — Neo-Grotesque
ამ ჯგუფის შრიფტებში მთლიანად უარყოფილია შრიფტის ტრადიციული მახასიათებლები მარტივი და მინიმალისტური დიზაინის შესაქმნელად.
შტრიხებს შორის თითქმის არაა კონტრასტი, დაბოლოებები კი იდეალურადაა გასწორებული. სწორედ ამ სახეობას მიეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შრიფტი - Helvetica.
მაგალითები: Helvetica, Univers.
ᲰᲣᲛᲐᲜᲘᲡᲢᲣᲠᲘ — Humanistic
ნეო გროტესკის ეპოქაში ტიპოგრაფთა ნაწილს სურდა შრიფტში „ადამიანური“ ხელწერის ზოგიერთი ელემენტის შენარჩუნება. ამიტომ შეიქმნა ჰუმანისტური სტილი.
მაგალითები: Gill Sans, Optima
ᲒᲔᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ — Geometric
გეომეტრიული შრიფტები აგებულია მხოლოდ გეომეტრიული ფორმების გამოყენებით. ისინი ულტრათანამედროვედ ითვლება, თუმცა საკითხავად მოუხერხებელია.
მაგალითები: Futura, Avant Garde,
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲜᲡ ᲡᲔᲠᲘᲤᲘ
ქართულში Sans Serif სტილის შრიფტები იქმნებოდა ჯერ კიდევ სასტამბო შრიფტების პერიოდში. ამ ჯგუფის ქართულ შრიფტებს ასევე გააჩნია მარტივი, სადა და ადვილად საკითხავი მოხაზულობა. თავისუფალია ზედმეტი ორნამენტულობისგან.
მაგალითები: FiraGo, Noto sans Georgian, BPG Arial.
ᲙᲐᲚᲘᲒᲠᲐᲤᲘᲣᲚᲘ — Script
კალიგრაფიული და ხელნაწერი შრიფტების მიზანია ხელით დაწერილი ტექსტის შესახედაობის იმიტირება. სტილისტური დიაპაზონი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. შეიძლება იყოს კლასიკური, ჰგავდეს კალიგრაფიული კალმით ნაწერის, ან უბრალო „ნაჯღაბნს“.
ამ კატეგორიის შრიფტებისთვის დამახასიათებელია ლიგატურები - გადაბმები, ასოების ღერძი უფრო ხშირად დახრილია. შრიფტის ფაილს, ძირითად სიმბოლოებთან ერთად, ხშირად ახლავს ასოების ალტერნატიული ვარიანტები - ტექსტისთვის უფრო ჰარმონიული შესახედაობის მისაცემად.
გამოიყენება სათაურებისა და მცირე ზომის ტექსტისთვის.
კალიგრაფიის ჯგუფშივე ერთიანდება გოტიკური სტილის შრიფტებიც, რომლებსაც დღეს ხშირად დეკორატიულ ჯგუფს მიაკუთვნებენ. პირველი ნაბეჭდი წიგნი - გუტენბერგის ბიბლია სწორედ გოტიკური შრიფტით დაიბეჭდა.
ქართულ შრიფტებს შორის, სხვადასხვა ფორმის კალიგრაფიული შრიფტები მოიპოვება. თუმცა კლასიკური კალიგრაფია, ლათინური შრიფტებისგან განსხვავებით, უმეტესად სწორი ღერძის მქონე ასოებს გულისხმობს, დამახასიათებელია გადაბმები. პირველი სასტამბო შრიფტები სწორედ ხელნაწერისგან იყო შექმნილი.
მაგალითები: Dm შრიფტები (DM Batonishvili, DM Ertoba, DM Evangelion, DM Themestia, ა.შ.), GA შრიფტები (GA Chance, GA Lazi, GA Gakruli, GA Ptskari, ა.შ.)
ᲛᲝᲜᲝᲒᲐᲜᲘᲕᲘ — Monospace
მონოგანივი შრიფტები. გულისხმობს იმას, რომ შრიფტის შემადგენელ ყველა ასოს აქვს ერთნაირი სიგანე.
პირველად მონოგანივი შრიფტები შეიქმნა საბეჭდი მანქანებისთვის. დღეისთვის კი უფრო ხშირად გამოიყენება პროგრამირების სფეროში კომპიუტერული კოდის ასაკრეფად, რადგან ასეთი შრიფტით აკრეფილ ტექსტში სიმბოლოები ერთმანეთის ქვეშაა მოქცეული და უფრო ადვილია შეცდომების გამოვლენა.
მაგალითები: Bitstram Vera Sans Mono, Geo Sabechdi Nusx ASTER
ᲓᲔᲙᲝᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ — Decorative
დეკორატიული შრიფტების კატეგორია ყველაზე ფართო და მრავალფეროვანია. ამ კატეგორიაში ავტორები მეტ შემოქმედებით თავისუფლებას ავლენენ. ხშირად გამოიყენება ასოების არატრადიციული ფორმები და პროპორციები. დეკორატიული შრიფტები ვიზუალურად მიმზიდველი და საინტერესოა, დიზაინში მათი გამოყენება კი დაკვირვებას მოითხოვს.
მაგალითები: MetalLord, Saucer BB, GA Jubo, Geo Times Nusx, SS GEO CREEPSTER
ᲐᲠᲐᲐᲜᲑᲐᲜᲣᲠᲘ — Non Alphabet
არაანბანურ ფონტებში შედის ფონტები, რომლებიც არ მოიცავს ანბანურ სისტემას. შეიძლება განასახიერებდეს ნებისმიერ სიმბოლოების სეტს: აიქონებს, ვალუტის სიმბოლოებს, ორნამენტებს და ა.შ.
მაგალითები: Georgian Dactyl Font, IconBitOne, Segoe UI Emoji, Multimedia Icons
სტატიის ავტორი: მარიამ ჩაჩანიძე
მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე
Typeface.ge წელს ციფრული დიზაინის ფესტივალს Touch Platform-ს ეწვია. გაიგეთ მეტი Keynote პრეზენტაციასა და Workshop-ის სესიაზე ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ფონტზე
სტატიაში გაიგებ "დედა ენის" პირველი გამოცემის შრიფტებზე, ასევე, გაეცნობი ამ შრიფტების ციფრულად აღდგენილ თანამედროვე ვერსიებს და საიდან შეძლებ მათ გადმოწერას