2 თვის წინ
323
Noto არის Google-ს პროექტი, რომელიც დაიწყო 2012 წელს და დღესაც გრძელდება. პროექტის მიზანა ყველა დამწერლობისთვის მაღალი ხარისხის შრიფტის შექმნა, რომელიც აისახება Unicode სისტემაში ყველა საჭირო სიმბოლოთი და ექნება ერთმანეთთან მიმართებაში ჰარმონიული ვიზუალი.
Google-ის მიზანი იყო შეექმნა შრიფტის ვარიანტი მსოფლიოში არსებული ყველა დამწერლობისთვის. ეს შრიფტები გაერთიანდებოდა ერთ დიდ ოჯახში და ხელმისაწვდომი იქნებოდა ყველა კომპიუტერზე.
პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ზოგიერთი შრიფტის გამოყენებისას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ასოების მაგივრად იწერებოდა მართკუთხედები, რადგან დივაისებს არ ჰქონდათ ამ ენის შრიფტზე წვდომა.
მართკუთხედებს ადარებდნენ ტოფუს — აზიურ საჭმელს, რომელიც ოთხკუთხედი ფორმისაა. ანუ ყველა დამწერლობის შრიფტის შექმნით არცერთი დამწერლობის შრიფტის აკრეფისას აღარ იქნებოდა ტოფუ ასოების ადგილას No Tofu – NoTo.
ნოტოს სახელი, ასევე, ეხმიანება ლათინურ სიტყვა “noto”-ს, რაც ნიშნავს „ვწერ, აღვნიშნავ“.
Noto ოჯახი მოიცავს 100-მდე შრიფტს. ფარავს 1000-ზე მეტ ენას და 162 დამწერლობას, მათ შორის, ქართულსაც. შრიფტები კოდირებულია Unicode სტანდარტით.
შრიფტების დიზაინი Google-მა შეიმუშავა Monotype, Adobe და მსოფლიოს უამრავ წამყვან სპეციალისტთან ერთად.
ფორმატები: ნოტო მოიცავს ვარიაბელურ ფონტებს, სტატიკურ OpenType ფორმატს, ასევე CSS ვებ ფონტებს.
ლიცენზიის სახე: SIL Open Font License, უფასო ლიცენზია ნებისმიერი სახით გამოყენებისთვის ვებ-სივრცეში თუ ბეჭდურ მედიაში. თუმცა, არაა ნებადართული ამ ფონტების გაყიდვა.
Noto ფონტების კოლექცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ/გადმოწეროთ საიტიდან: ლინკი
UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოს დაახლოებით 6000 სალაპარაკო ენიდან 43%-ს მაინც გაქრობის საფრთხე ემუქრება. შრიფტი — ანუ სიმბოლოების ნაკრები, დღეს მთავარ როლს თამაშობს დამწერლობის შენარჩუნებაში.
იშვიათი დამწერლობის მქონე კულტურებისთვის შრიფტის არსებობა კარგი შესაძლებლობაა დამწერლობის გასაციფრულებლად და ინტერნეტ სივრცეში „შესანახად“. შრიფტის დახმარებით ენის წარმომადგენლებს შეუძლიათ გააციფრულონ წერილობითი დოკუმენტები, გამოაქვეყნონ კულტურული და რელიგიური ტექსტები ინტერნეტ სივრცეში, შექმნან დამწერლობის და ენის ციფრული სასწავლო მასალა. ეს ეხმარება ენის მატარებლებს შეინარჩუნონ თაობებს შორის კავშირი საცხოვრებელი ლოკაციების ცვლილების მიუხედავად.
Noto ოჯახი აერთიანებს უამრავი ასეთი იშვიათი დამწერლობის შრიფტს. მაგალითისთვის, ტიბეტური დამწერლობა შრიფტის სახით არ არსებობდა, ნოტოს ტიბეტური შრიფტის სახეობა შეიქმნა ტიბეტური ხელნაწერებიდან. დღეს ამ შრიფტს დღეს ყოველდღიურად ასობით ადამიანი იყენებს ტექსტურ შეტყობინებებში, ინტერნეტ სივრცეში ნავიგაციისთვის და ენის სასწავლებლად.
ნოტოს ქართულ ვარიანტზე იმუშავა აკაკი რაზმაძემ სტუდია Monotype-თან ერთად. ქართული NOTO-ს ჯგუფი შეიცავს სხვადასხვა წონის და სიგანის ქართულ ასოებს. ხელმისაწვდომია როგორც serif, ასევე sans serif სტილი.
მთლიანად მოიცავს უნიკოდის ქართულ სექციას: მხედრული, მხედრულის მთავრული, ასომთავრული და ნუსხური სიმბოლოები, ასევე - დიაკრიტიკული ნიშნები, რომლებიც გამოიყენება კომბინირებული ქართული ასოების დასაწერად (სიმბოლო + დიაკრიტიკული ნიშანი, მაგ. ა̈ ე̄ ი̈)
Noto Sans Georgian და Noto Serif Georgian ფონტები შეგიძლიათ გადმოიწეროთ საიტიდან: ლინკი
სტატიის ავტორი: მარიამ ჩაჩანიძე
მერაბ გეწაძე გიამბობთ შრიფტის საერთაშორისო კონკურსებსა და ქართული შრიფტის დიზაინის სფეროზე
რა სახეობის შრიფტები არსებობს? გაეცანით შრიფტების ძირითად ჯგუფებს და ქართულ მაგალითებს
Typeface.ge წელს ციფრული დიზაინის ფესტივალს Touch Platform-ს ეწვია. გაიგეთ მეტი Keynote პრეზენტაციასა და Workshop-ის სესიაზე ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ფონტზე